უცხოეთი
„კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩატარებული ბირთვული გამოცდა აშშ–თვის მკაცრ გაფრთხილებად იქცა“

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ წარმატებით ჩაატარა წყალბადის ბომბის გამოცდა. ეს ცნობა 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის პროგრამაში წაიკითხა დიქტორმა ქალმა: „2016 წლის 6 იანვარს, 10 საათზე, პირველად ჩატარდა წარმატებით წყალბადის ბომბის გამოცდა“.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოცდა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. "თუ აშშ გააგრძელებს სიტუაციის გართულებას და გამოამჟღავნებს მტრობას, ჩვენ არ გვექნება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ მივიღოთ უფრო ძლიერი ზომები," - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იარაღის გამოცდა "თავდაცვითი ზომა" იყო, რომელიც არც ერთ საერთაშორისო ნორმას არ ეწინააღმდეგება.

ჩრდილოეთმა კორეამ 2006, 2009 და 2013 წლებში გამოსცადა ბირთვული იარაღი, რასაც მის წინააღდმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები მოჰყვა. 6 იანვრის გამოცდის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჯერ ვერ ადასტურებს წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ცნობას, მაგრამ გმობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ნებისმიერ დარღვევას. ჩვენ არ შევეგუებით ჩრდილოეთ კორეას, როგორც ბირთვულ სახელმწიფოსო, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.