პოლიტიკა
მთავრობის 4-დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სიტუაცია სტაბილურია

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საგანგებო, კოორდინირებული მოქმედებისა და 4-დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სიტუაცია სტაბილურდება, - დიდთოვლობასთან დაკავშირებით მთავრობის 4-დღიანი მუშაობის შედეგები ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეაჯამა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დასავლეთ საქართველოში, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ობიექტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს; რეგიონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და 100-მდე ერთეული ტექნიკა, რომლებიც საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები; პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

  • საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
  • მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
  • ამ პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია 22 000 აბონენტისთვის.
  • ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება გზები და საავტომობილო მაგისტრალებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმამდეა დაყვანილი.
  • რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • გაწმენდითი სამუშაოების წარმოების შედეგად გაიხსნა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის და ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლის საავტომობილო გზა.

• მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ჩართულია 40-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.