პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრას ელოდება

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. პოლიტიკურ პარტიებს გიორგი კვირიკაშვილთან საუბარი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, მართლმსაჯულებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე სურთ. მთავარი მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლა და მისი წევრების არჩევის წესის შეცვლაა.

მმართველ კოალიციაში ოპოზიციის მოთხოვნას ზედაპირულს უწოდებენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას არ ეთანხმებიან.

ოპოზიცია და ადვოკატთა ასოციაციის წევრები ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ და ყოფილ პრემიერს სასამართლოს გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე მონიტორინგის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ. ანგარიშში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „გამჭვირვალობა საქართველოს“ ის რეკომენდაციებიც მოხვდება, რომლის გატარებასაც სასამართლო სისტემაში მესამე სექტორი ითხოვს.