აქტუალური
სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა გზა გახსნილია

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო, რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა გურიის რეგიონის სოფლების უმეტეს ნაწილს. გზების გასაწმენდად, რეგიონში მობილიზებულია სპეცტექნიკა.

გზები სრულად გაწმენდილია იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ ცენტრებში. დიდთოვლობის გამო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილი აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ვანის მუნიციპალიტეტში შექმნილი სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად აღმოიფხვრა.

მინიმუმამდეა დაყვანილი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები. საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს 111 პუნქტი, სადაც  მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა, ადამიანური რესურსები და ტექნიკური მარილის მარაგი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითადი გზა გახსნილია.