აქტუალური
დიდთოვლობით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო, რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ.

დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სპეცტექნიკით იწმინდება გზები, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები. გრძელდება სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი.

დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრაზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აჭარაში. თოვლისგან გაწმენდილია ბათუმის ყველა ცენტრალური ქუჩა. 31 დეკემბრიდან, ქალაქის მასშტაბით გზებისა და ტროტუარების გასაწმენდად მობილიზებულია სანდასუფთავების 200 თანამშრომელი და 25 ერთეული მძიმე ტექნიკა. იწმინდება სასოფლო გზები ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის, აჭყვისთავის, ციხისძირის, დაბა ჩაქვის, მუხაესტატესა და დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ბათუმი-ახალციხის, ბათუმი-ქობულეთისა და ქობულეთი-ოზურგეთის  მიმართულებით გზები გაწმენდილია. ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს ცენტრალურ გზებზე, მათ შორის კურორტ გოდერძის მიმართულებითაც. ამჟამად რეგიონში წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით არსებული ვითარება სტაბილურია.