საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საუდის არაბეთსა და ირანს შორის კონფლიქტის ფონზე ნავთობის ფასმა მკვეთრად მოიმატა. როგორც გერმანული გამოცემა DW წერს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის წარმოქმნილი დაძაბული ვითრების შემდეგ, ნავთობის ელექტრონული ვაჭრობის ფასმა WTI-ს მარკის ბარელ ნავთობზე 37,81 დოლარი, ანუ 77 ცენტით - 2,08 პროცენტით მეტი შეადგინა, წინა სავაჭრო დღის ბოლოს დაფიქსირებულ ფასთან შედარებით. ბრენტის მარკის ბარელი ნავთობი კი 38,19 დოლარი, 91 ცენტით მეტი გახდა.
ნავთობზე ფასის მატება არის რეაქცია „საფრთხეზე, რომ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურმა კონფლიქტმა შესაძლოა ნავთობის მოწოდება შეაფერხოს“ - განუცხადა AFP-ის სინგაპურელმა ანალიტიკოსმა, კომპანია IG Markets-ის წარმომადგენელმა ბერნარდ აუმ.
შეგახსენებთ დღეს საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა და ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა, პარალელურად კი თავისი დიპლომატების ირანიდან ევაკუაცია დაიწყო.
ელ-რიადმა თეირანთან კავშირის გაწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ირანში საუდის არაბეთის საელჩო დაარბიეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ირანელების გაღიზიანება საუდის არაბეთის სამეფო ხელისუფლების მიერ შიიტი შეიხის ნიმრას სიკვდილით დასჯამ გამოიწვია. ის და კიდევ 46 შიიტი არაბი ტერორიზმის ბრალდების გამო სიკვდილით რამდენიმე დღის წინ დასაჯეს. აღნიშნულის გამო საპროტესტო გამოსვლები საუდის არაბეთშიც იყო. ირანი კი, რომელიც სუნიტების წინააღმდეგ განწყობილი შიიტური სახელმწიფოა შეიხის საქმეს განსაკუთრებით აკვირდებოდა.
მომხდარის გამო მწუხარება აშშ-მაც გამოთქვა. სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის გამო შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ქვეყნებს შორის ურთიეთობა გაუარესდეს.