პოლიტიკა
„კვირიკაშვილს ვენდობით და მზად ვართ, რჩევებიც მივცეთ“ – ალასანია

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. "თავისუფალ დემოკრატების" ლიდერი "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ახალ პრემიერს საკუთარი თავის გამოვლენისთვის დრო უნდა მისცენ. ირაკლი ალასანია განმარტავს, თუ რატომ არ გამოუცხადა ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთავრობას ნდობა.

 "მთავრობას ნდობა იმ მიზეზით არ გამოვუცხადეთ, რომ ოპოზიცია ამ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუმცა, დიახ, გიორგი კვირიკაშვილს ვენდობით და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში რჩევებიც მივცეთ, რომ საზოგადოების გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის სტაბილურად და მშვიდად მიყვანაა. მჯერა, ის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და არც პოლიტიკურ დაკვეთებს არ შეასრულებს, პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვას ვგულისხმობ.

 ის სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერი იმსახურებს ახალი წლიდან შანსი მივცეთ. თუ მან მოქალაქეებთან კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოახერხა, ღარიბაშვილის მსგავსად ფიასკო ელოდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 ალასანია ამბობს, რომ პოსტიდან წასვლა ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო. „აშკარად გამოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო. ბევრი რამ ერთად გავაკეთეთ, მაგრამ არაერთი მნიშვნელოვანი საქმის ხორცშესხმა არ გამოგვივიდა, რაზეც გულნატკენი ვარ. არ მინდა ახალ წელს ამაზე ვილაპარაკო, მას ახლა თავისი გზა აქვს", -აღნიშნა ალასანიამ.