საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ევა გოცირიძემ გააკეთა.
"მთავარი არგუმენტი ლევან მურუსიძის სასარგებლოდ იყო ის, რომ მას მხარს უჭერს მოსამართლეთა კორპუსი. გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ, თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, ეს გამოიწვევდა მსუსხავ ეფექტს მთელს მოსამართლეთა კორპუსზე და მათ დემორალიზაციას მოახდენდა“, - განმარტავს ევა გოცირიძე, რომელმაც მის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
"ჩვენ აგვირჩია პარლამენტმა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ოცნებაზე დამოკიდებული ადამიანები. ჩვენ მათთვის ფიცი არ მიგვიცია, რომ მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები ვიქნებოდით“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.
38 მოსამართლე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია, მუშაობას უკვე შეუდგა.
ახლადდანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მთავარია, მათ გაამართლონ ის ნდობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათ მიმართ გამოხატა.