აქტუალური
საქართველოს გზებზე არნახული დიდთოვლობის გამო სპეცრეჟიმია შემოღებული

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. უხვი, აქამდე არნახული დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე გადაადგილებასთან დაკავშირებული  პრობლემებია. მაგალითად, ბათუმში არ ახსოვთ, რომ თოვლის დონე 1 მ და მეტი ყოფილიყო, როგორც დღესაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია.

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის და არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ტრანსპორტის მოძრაობა. 

გადაადგილება მლეთა–კობის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. გუდაური–კობის მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით ივლიან. შეზღუდვებია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებითაც.

ქუთაისში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა. ქუთაისის მერის განცხადებით, ღამით სპეცტექნიკამ იმუშავა, მაგრამ დილით გზები ისევ მოიყინა. ასუფთავებენ საფეხმავლო ბილიკებსაც. ტრანსპორტი ქალაქში ჩვეულ რეჟიმში თუმცა გარკვეული შეფერხებით მუშაობს.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება სამეგრელოს რეგიონის 4 ათასამდე აბონენტს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელობამ დამატებითი ბრიგადები ჩაიყვანა და ისინი, ძირითადად, მაღალმთიან სოფლებში მუშაობენ. გახსნილია სოფლებამდე მისასვლელი გზები. ზუგდიდსა და ოზურგეთში, დიდთოვლობის გარდა, ძლიერი ქარიშხალია და გზებზე ხილვადობა პრაქტიკულად ნულოვანია.