საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ალეკო ელისაშვილის მიერ წამოწეული თემა კეთდება გიორგი მარგველაშვილის ხელით და ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "2030"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
"ელისაშვილის პრობლემა მარტივია ასახსნელად. ეს კაცი გამოდის და რაღაც აღმოჩენებს აკეთებს. ერთი და იგივე ხალხისგან, ერთი და იმავე ჯგუფისგან არის ეს ორგანიზებული და ცდილობენ დაადგინონ, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და "რუსთავი 2"-ს აწყობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ. მათ უნდათ დაამახინჯონ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პროცესი ისე, თითქოს ფულის გასაკეთებლად მოხდა მთელი ეს პროცესი. მურუსიძის თემა და ეს თემა ერთი და იმავე ხალხმა აწია ძალიან მაღლა. ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და მათ თამაშს თამაშობენ. ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელით კეთდება", - განაცხადა ივანიშვილმა (ვიდეო იხ. აქ).
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის აზრით, სასამართლოს მმართველობაში არცერთი შტო არ უნდა ჩაერიოს, თუმცა პრეზიდენტმა აშკარად გამოკვეთილად დაიწყო სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. " პრეზიდენტად მოსვლისთანავე, მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება. უსუფაშვილს შვიდჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია, პრეზიდენტს რა უფლებები შეიძლება ჰქონოდა, საპარლამენტო რესპუბლიკაში და შვიდივეზე უარი თქვა და რაღაც საოცრებებს ითხოვდა",-აცხადებს ივანიშვილი.