აქტუალური
თბილისში სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელები მათი ღირებულების 25%–დან 100 %–მდე მიიღებენ

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველ საკითხად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული  სატრანსპორტო საშუალებებისათვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცეს, რომელიც დეპუტატებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარუდგინა.

 წესის მიხედვით, ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული, სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები, რომლებზეც კომპენსაცია გავრცელდება ორ კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიაში შედის დაზიანებული ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) და მეტია. ამ ავტომობილების მფლობელები ავტომობილების საბაზრო ღირებულების 70 %, ხოლო ავტომობილების, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათას აშშ დოლარზე (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) ნაკლებია 100 % ანაზღაურებას მიიღებენ. მეორე კატეგორიაში, არასრულად განადგურებული ავტომობილები შედის, რომელთა მფლობელები, წესის მიხედვით, ავტომობილის საბაზრო ღირებულების 25 % მიიღებენ.

 სხდომაზე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომლებიც ჯანმრთელობის და  სოციალური დაცვის ქვეპროგრამების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესების დამტკიცებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელებას ეხებოდა.