საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი - 2016 წელი საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიულოცა და მოსახლეობას მიმართა:
„გილოცავთ, ძალიან მიხარია, რომ აქ თქვენთან ერთად ვარ და აქედან ვულოცავ მთელ საქართველოს!
ძალიან მინდა, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერების, დღეგრძელობის გამარჯვების წელი.
მომავალი წელი საქართველოს დამოუკიდებელობის 25 წლისთავია. ამ 25 წლის განმავლობაში, ჩვენმა და ჩვენი მამების თაობამ ძალიან ბევრი შეძლო. შეძლო ის, რომ მოიტანა დღევანდელი საქართველო, ქართული ღირებულებები და დღეს, როდესაც აი აქ, თქვენთან ერთად, ქართული სიმღერის ფონზე, ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ, ჩვენ ვზეიმობთ ახალ დამოუკიდებელ ძლიერ საქართველოს და მომავალში ჩვენ ერთად გადავდგამთ ძალიან ძლიერ ნაბიჯებს იმ სიყვარულით, რასაც მე დღეს თქვენგან ვგრძნობ. იმ ერთობით, რასაც თქვენგან ვგრძნობ. იმ ერთმანეთის გატანით, რასაც თქვენგან ვგრძნობ.
ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენ უნდა ვაქციოთ თავისუფლებად. თავისუფლება კი ნიშნავს ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ. ისეთი ნიჭიერები, როგორებიც ვართ. ისეთი განსაკუთრებულები, როგორებიც ვართ.
თავისუფლება ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის შუღლი, რომელიც გვქონდა. დავივიწყოთ ის შეცდომები, რომელიც გვქონდა.
თავისუფლება ნიშნავს-გვიყვარდეს ერთმანეთი. თავისუფლება ნიშნავს -გავხადოთ საქართველო ნამდვილად ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და დღეს ჩვენ აი ამ ეპოქის, აი ამ ახალი ნაბიჯის დასაწყისს ვზეიმობთ.
ძალიან მიყვარხართ! მიყვარს, რომ ერთად ვართ დღეს, რომ ვზეიმობთ. მიყვარს, ის რომ აი ეს განსაკუთრებული ნიჭიერება, რაც ჩვენში არის დღეს აქ ვლინდება.
სულ ნახევარი საათის წინ, მე ვესაუბრე ჩვენს ჯარისკაცებს. ვესაუბრე ჩვენს ჯარისკაცებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. მე მინდა მათგან დავიწყო ეს მოლოცვა, იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჩვენს სახელმწიფოს.
მე მინდა მოულოცო ჩვენს არაჩვეულებრივ თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან. დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვენატრებით და გვიყვარხართ!
მე მინდა მოულოცო დღეს იმ თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან და ვუთხრა, ჩვენ მომავალი ერთად გვაქვს! მე მინდა თქვენ მოგილოცოთ ჩემო არაჩვეულებრივებო, ჩემო მომავალო თაობავ, თქვენ ვინც გადაიბარებთ ჩვენი ქვეყნის მმართველობას!
დიდი სიყვარულით გილოცავთ! თქვენთან ერთად ვარ და მუდმივად თქვენთან ერთად ვიქნები.
გილოცავთ ახალ წელს!” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.