საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო უნდა გაერთიანდეს, საზოგადოება უნდა გამთლიანდეს და ეს იქნება ჩვენი უმთავრესი გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).
პრემიერის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობამ წარადგინა დეტალური ხედვები, როგორ გახდეს ქვეყანა უკეთესი, შეიქმნას მეტი დოვლათი და მოქალაქეებმა თავი უკეთ იგრძნონ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ორი დღის განმავლობაში საინტერესო დებატები გაიმართა.
„იყო მცდელობა, ჩვენი კონსტრუქციული, მეგობრული, თანამშრომლობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ტონალობა შეცვლილიყო. ჩვენ არ ავყევით ამ მცდელობებს და დავრჩით იმავე ტონალობაში, რა ტონალობითაც ვაპირებთ, გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. ვფიქრობთ, ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება. ეს იქნება ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი, ისევე, როგორც ეკონომიკის განვითარება, მეტი დოვლათის შექმნა ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, თითოეული თანამოქალაქის წინაშე.