აქტუალური
„ჩვენი ამოცანაა გავუიოლოთ ბიზნესს ხელისუფლებასთან ურთიერთობა“ – გიორგი კვირიკაშვილი

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი.ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა.

 „ჩვენი ამოცანაა და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავუიოლოთ ბიზნესს, კერძო სექტორს ხელისუფლებასთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ ახალი პროექტის წამოწყებას. ეს იქნება იურიდიული პირებისთვის იმ კონცეფციის გაფართოება, რომელიც დღეს გვაქვს ფიზიკური პირებისთვის. ჩვენ შევქმნით ერთიან მომსახურების ფრონტს მთავრობისთვის, რათა ბიზნესმა, კერძო სექტორმა მიიღოს საჯარო სექტორიდან მისაღები მომსახურება ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით. ეს, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გააიოლებს ბიზნესის კეთებას, მეორე მხრივ, მოიტანს ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიც არის თბილისის ცენტრის განტვირთვა, უძრავი ქონების ბაზრის განვითარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ, როგორც ხალხისგან დაქირავებულმა ხელისუფლებამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუიოლოთ ბიზნესში ჩართვა. იმისათვის, რომ მაქსიმალურად განვტვირთოთ საჯარო სექტორი, იმისათვის, რომ გავხდეთ ეფექტური და მაქსიმალურად ოპტიმიზირებული მთავრობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიული სექტორების, უპირველეს ყოვლისა, მომსახურების, სერვისის სექტორის და ტურიზმის განვითარებას.