აქტუალური
"დანაშაულის მატება არის მხოლოდ ყაჩაღობის ნაწილში, მთლიან სტატისტიკაში არის 4%-იანი კლება"- პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდში დიდი წნეხი იყო, რომ დანაშაული არ გაშუქებულიყო, რაც დღეს შეიცვალა.

 "დანაშაულის მატება არის ყაჩაღობის ნაწილში. მთლიან სტატისტიკაში არის 4%-იანი კლება, შეგიძლიათ გაესაუბროთ არაერთ პოლიციელს, რამხელა წნეხი იყო დანაშაულის გაშუქების თვალსაზრისით და გახსოვთ, რამხელა აგრესია გამოიწვია ხელისუფლების, როცა "იმედმა" გაბედა თავის დროზე და სანდრო გირგვლიანის წამებით მოკვლის საკითხი გააშუქა. არაფერს ვამტკიცებ, ვამბობ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ამ მიმართულებით ვითარება გამოსწორდეს. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და იმის შეგრძნება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პოლიციელებმა, დღეს დილით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დააკავეს დამნაშავე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენების ორგანიზატორებზე ის ინფორმაციას არ ფლობს.

"გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძის საჯარო ჩვენების ორგანიზებაზე, ჩემს განცხადებაში ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო, არ ვიცი იყო თუ არა ეს პიროვნება ჩარეული ამ ჩვენებაში. ეს იყო საშინელება, რომ ვიღაცამ გააკეთა ორგანიზება და საჯარო თავშეყრის ადგილებზე მოეწყო წამების კადრების ჩვენება. ეს იყო საშინელება თავისთავად, რომ ასეთი კადრები არსებობს ბუნებაში და ეს მემკვიდრეობა გაგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დანაშაულია, ღია სივრცეში ამ კადრების ჩვენება. თუ აღმოვაჩინე, რომ ასეთი ჩარევა მოხდა, დამერწმუნეთ, ჩემი გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური, ამ ტრიბუნიდან გეუბნებით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.