აქტუალური
“რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ, აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში ზაქარეიშვილს კარგ იდეები აქვს” - კვირიკაშვილის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი.  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს. როგორც მან ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრისას განაცხადა, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რომ რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის გადაწყვეტილებებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამასთან, კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო მიმართულებებზეც ისაუბრა.

 “უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გაფორმებული რეფორმების განხორციელება. თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევა ევროპასთან და ამ მიმართულებით პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება. ნატო-ში ინტეგრირების კუთხით საქართველო გააგრძელებს არსებითი პაკეტის ეფექტიან დანერგვას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, როგორც თავსებადობის კუთხით, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ პაატა ზაქარეიშვილს კარგი იდეები აქვს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, რა მორალური კრიტერიუმებით ტოვებს მინისტრთა კაბინეტში ზაქარეიშვილს, როდესაც ეს უკანასკნელი, ხელხეულიძის თქმით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევა და ხშირად პუტინს აქებს.

 „პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს. ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ და ეს იდეები განვიხილოთ. სანუკვარ მიზანს დრო გვაშორებს, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ. დრო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ შერიგების პროცესი დავასრულოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.