აქტუალური
„საარჩევნო ხმის უფლება ყველა სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს, ფრანგები იანვარფში ჩამოვლენ“ - თინა ხიდაშელი

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ.

 „საერთოდ არ ვიზიარებ, ვემიჯნები და აბსურდი მგონია ის საუბარი, რაც გვესმოდა ბოლო თვეების განმავლობაში, რომ თურმე სამხედროებს არ უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება. რა თქმა უნდა, ყველას ექნება ხმის უფლება. ჩვენ, შეიძლება, ძალიან მცირე კონტინგენტი დაგვრჩეს, რომელსაც, უბრალოდ, ვერ გავუშვებთ სახლში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ სამხედრო უბნის ტერიტორიაზე არ მისცენ ხმა, მაგრამ ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ უახლოეს უბანში, სოფელში და .“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების პასუხად.

თინა ხიდაშელმა პარლამენტში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის შესახებაც ისაუბრა.

 „ფრანგებთან დაკავშირებით ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რაც გამოვიდა და მუშაობს. ანალოგიურად გვაქვს დაგეგმილი ყველა მიმართულება. შესყიდვას თან ახლავს ინტენსიური სწავლების ფაზა - ეს არის გრძელვადიანი პერიოდით ჩამოსული სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმუშავებენ და შემდეგ თანდათანობით განხორციელდება ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მოვალეობების სრული გადაბარების პროცესი. ჩვენ შესყიდვა განვახორციელეთ ფრანგებთან, ამის შემდეგ კი მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ საფრანგეთმა აიღო წამყვანი ქვეყნის როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში, სწორედ, საჰაერო უსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვის ნაწილში. ფრანგი ოფიცრების გუნდი საქართველოში იანვარში ჩამოვა. ისინი ორი წლის განმავლობაში ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს საჰაერო უსაფრთხოების სისტემის გამოყენებას შეასწავლიან“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.