აქტუალური
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი-2016 დაამტკიცა

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი.  დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რომელიც დეპუტატებს თბილისის მერმა საკრებულოს სხდომაზე წარუდგინა.

 "დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტს 12 მლნ. ლარით აღემატება. თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და გამწვანების ღონისძიებები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დედაქალაქის მერმა ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა, რის შემდეგაც თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებმა შეაფასეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს კოალიციაში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შემავალი ფრაქციებისა და ფრაქცია "თბილისელების წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასეს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2016 წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმართებაში გარკვეული რეკომენდაციებიც წარადგინეს, რომლებიც დედაქალაქში საცობების განტვირთვის, მუნიციპალური ავტო-პარკის, მსუბუქი ტაქსების, სითი-პარკის, წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების, ავარიული შენობების რეაბილიტაციის, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.