საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე საზოგადოების ყურადღებას აჭარაში შექმნილ სახიფათო მდგომარეობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ დღესვე არ ჩამოიკრა განგაშის ზარები და არ შეჩერდა აჭარაში თურქეთიზაცია, ხვალ უკვე გვიან იქნება და შესაძლოა ეს კუთხეც მოსწყდეს საქართველოს. ჭყოიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ამ საკითხზე გააკეთონ აქცენტი, მითუმეტეს, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეც საკმაოდ აქტუალურია.
-დღეისათვის აჭარაში ძალიან სერიოზულად აქვს ფეხი მოკიდებული თურქულ გავლენას, რეალურად რეგიონის ისლამიზაციას აქვს ადგილი. ასლან აბაშიძის დროს აჭარაში თურქები მცირე რაოდენობით იყვნენ, ახლა კი მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ბათუმში თურქული ქუჩებიც გაჩნდა, ყვავის თურქული ბიზნესი, თურქეთიდან სპეციალურად მოდის სუბსიდიები იმისვის, რომ გაიხსნას თურქული მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, აშენდეს სასტუმროები, სადაც ქართველების დასაქმება წარმოუდგენელია და ეს ყველაფერი ხელს უშლის აჭარაში ქართული ბიზნესის განვითარებას. ბევრი ფაქტია უკვე აჭარაში თურქების მიერ მიწების შეძენის, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ბათუმში, ქობულეთში. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ქართული მიწების გასხვისება, შესაძლოა აჭარაში ქართული მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდეს! არ გვინდა დავინახოთ, მაგრამ კატასტროფის პირას ვართ, რამაც შესაძლოა აჭარის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს.
-აბაშიძის დროს პრობლემები არ იყო?
-გასაგებია რომ იყო პრობლემები, იგივე ჩოლოქის ხიდი, მაგრამ ესეც ხომ მხედრიონის და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ გაკეთდა, რომლებიც ძარცვავდნენ და აყაჩაღებდნენ ხალხს. ნამდვილად გეთანხმებით, რომ შეცდომა იყო ამ ფორმირებების დაშლის შემდეგ ბლოკპოსტების დატოვება, მაგრამ აი იმ კუთხით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აბაშიძის დროს სიტუაცია ნორმალიზებული იყო-აჭარა იყო თავიდან ბოლომდე ქართული, არ იყო ასე გაშლილი თურქული ბიზნესი და ვერც თურქები აკონტროლებდნენ, როგორც დღეს აკონტროლებენ.
-აჭარაში ძალიან ბევრი რაღაც აშენდა, მოწესრიგდა და ამაში თურქული კომპანიებიც მონაწილეობენ. რას ხედავთ ამაში ცუდს?
-კი ბატონო, გამუდმებით გვესმის-აჭარაში აშენდა, გაკეთდა, გაიხსნა, მაგრამ გადახედეთ ერთი, ნებისმიერ სასტუმროს თუ სავაჭრო ცენტრს, ან იგივე მსხვილ ბიზნესს, ეს ხომ არ არის ქართველების. 400-500 დოლარიან სასტუმროებში ქართველები შედიან? თურქულ კომპანიებში ქართველების დასაქმებაც კი დიდი პრობლემაა თუნდაც პროფესიონალი იყო და უცხო ენებიც იცოდე და ვინც არიან დასაქმებულნი ჰკითხეთ ერთი, როგორ ექცევიან თურქები ქართველ მომსახურე პერსონალს.
შეხედეთ რა ტემპით შენდება საქართველოში მეჩეთები.
კიდევ ერთი, რაც ყურადღების მისაქცევია, რეალურად საქართველოსთან ძალიან ახლოს არის „ისლამური სახელმწიფო“ და საქართველოსთვის დიდი საფრთხეა ისლამური პოლიტიკის გაძლიერება, ISIS-ს შეუძლია ჩვენს ქვეყანას ძალიან მარტივად გაუსწორდეს და საქართველოს შეიარაღებული ძალები ნამდვილად ვერ შეძლებენ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ. ამიტომ იმის მაგივრად საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი, იქნება ეს აშშ, თუ რუსეთი, რომელიც საკმაოდ ძლიერად ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს, ამ თემაზე არანაირი მკაფიო განცხადება ჩვენი მთავრობის მხრიდან არ კეთდება.
აუცილებელია რეალურად მოხდეს აჭარის სერიოზული გაკონტროლება, თუ ვინ შემოდის თურქეთის მხრიდან.
-უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საფრთხე მინიმალურამდეა დაყვანილი და ყველა პუნქტი კონტროლდება, ანუ უსაფრთხოება დაცულია. თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?
-უნდა გამკაცრდეს კონტროლი საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან და სერიოზულად უნდა იქნეს შესწავლილი ის ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან ისლამის პროპაგანდას აჭარაში, აფინანსებენ სკოლებს თუ საინფორმაციო ჯგუფებს, ამავე დროს რაღაცნაირად უნდა მოხდეს თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერება. სააკაშვილმა ასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ეს მაშინ, როცა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ აძლევდა ორმაგ მოქალაქეობას. კიდევ ვიმეორებ, უნდა შეჩერდეს თურქებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სულ რამდენიმე წელში ჩვენ აჭარაში ეთნიკურ უმცირესობად ვიქცეთ. სააკაშვილი ასრულებდა დასავლეთის შეკვეთებს, აშშ-ს აწყობდა და ახლაც აწყობს თურქეთის გაძლიერება, რომ გამოეყენებინა რუსეთისა და სხვა ქვეყნების, იგივე სირიის, ირანის წინააღმდეგ. სააკაშვილმა გაატარა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და რეალურად აჭარა დაუთმო ამერიკას თურქების სახით.
-თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დათმო აჭარა, მაგრამ ის უკვე აღარ არის პრეზიდენტი, უკვე მეოთხე წელი იწყება, რაც საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. ახლა თუ გაკეთდა რაიმე ამ საფრთხის თავიდან ასაცილებებლად?
-რეალურად რაც გაკეთდა არის ის, რომ ასე ხელაღებით აღარ ხდება რმაგი მოქალაქეობის გაცემა თურქეთის მოქალაქეებზე, ეს სერიოზული მიღწევაა, რაღაც საკითხებთან მიმართებაშიც შეიმჩნება გამკაცრება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. საჭიროა რაც შეიძლება მეტი ეროვნული პროგრამა განხორციელდეს აჭარაში, წინ უნდა წამოიწიოს ეკლესიის როლი, უფრო მეტად ჩაერთოს საპატრიარქო, ჩავიდნენ მოძღვრები და უფრო მეტად იქადაგონ. რეალურად დღეს ჩვენ ვდგავართ აჭარის დაკარგვის საფრთხის წინაშე. შეიძლება ეს პროცესი განხორციელდეს 5 ან 10 წლის შემდეგ, მაგრამ რეალურად დაკარგული იქნება დღეს. თუმცა ჯერ კიდევ ერსებობს შანსი, რომ აჭარა გადავარჩინოთ, ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და ერთად მოინახოს გამოსავალი არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საქმე იმაშია, რომ უკვე არაერთხელ წავაწყდით უკვე ამ მხრივ პრობლემებს აჭარაში, მაგრამ მტკიცედ ვინარჩუნებთ სირაქლემას პოზიციას, ვითომ ვერაფერს ვერ ვხედავთ და ვამბობთ, რომ აჭარა ვითარდება, შენდება, მაგრამ იმას არ ვამბობთ, რომ თუ იქ რამე კარგი კეთდება, ეს არა საქართველოსთვის და არა ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უკვე დღეს უნდა დავიწყოთ დიალოგი ამ თემაზე, რომ შევაჩეროთ აჭარის ისლამიზაციის პროცესი, შევაჩეროთ ქართული მიწების გაყიდვის პროცესი, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება!