საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. Reuters-ის მიერ გამოკითხულ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და სამხედრო ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სირიაში სამთვიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთმა თავისი ძირითადი მიზნების მიღწევა შეძლო – განამტკიცა ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმი. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ მისი მოსაუბრეების შეფასებები ვაშინგტონის ოფიციალურ რიტორიკას ეწინააღმდეგება.
„ჩემი თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ ასადის რეჟიმი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის მეშვეობით უფრო დაცული გახდა, უდავოა“, – განაცხადა ანონიმურ პირობებზე მაღალჩინოსანმა აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამას ადმინისტრაციიდან. სააგენტოსთან საუბრაში კიდევ ხუთმა ჩინოვნიკმა აღიარა, რომ რუსეთის ოპერაცია ძირითადად ეფექტიანი იყო და ბევრი დანახარჯიც არ დასჭირვებია.
ანალიტიკოსების შეფასებით, რომელთა ციტირებასაც „როიტერსი“ ახდენს, მოსკოვის ხარჯებმა წელიწადში 1–2 მლრდ დოლარი შეადგინა. ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლის განცხადებით, ეს სახსრები გამოიყოფა რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტიდან, რომელიც 54 მლრდ დოლარს შეადგენს.