საზოგადოება
ნაძვის ხე – შადრევანზე, სადაც ზუგდიდელებს სიარული ეუხერხულებათ

nadzviზუგდიდი ახალი წლისთვის ემზადება. განწყობა სხვადასხვაგვარია. ქალაქში ორი დიდი ხელოვნური ნაძვის ხე დაიდგა. ერთი სწორედ იმ შადრევნის თავზე, სადაც ზუგდიდელებს სიარული ეუხერხულებათ. და აი რატომ:

ამ რამდენიმე წლის წინათ ხელისუფლების ძალისხმევით ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე (ქუჩა გადაიკეტა) 11-მეტრიანი ჯვრისა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ ძალიან ძვირადღირებული ფერადი, მოცეკვავე მუსიკალური შადრევანი გაკეთდა. ეს შადრევანი დანარჩენებისგან იმით განსხვავდება, რომ დახურულია, ანუ არ აქვს წყლის ავზი, მასზე ადამიანებს შეუძლიათ დგომა და სიარულიც. ფონად შადრევანს საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახულება აქვს. ამიტომაც მიწაზე გართხმული ეროვნული დროშისა და ჯვრებზე დგომა და სიარული დიდ უხერხულობას უქმნის ზუგდიდელებს. შადრევნის ფონის შეცვლასთან ან, უკიდურეს შემთხვევაში, შადრევნის შემოღობვასთან დაკავშირებით, ზუგდიდის გამგეობას არაერთხელ მიმართეს სასულიერო პირებმა, საზოგადოება ''ზუგდიდელმა'', ზუგდიდის გამგებლის - ალექსანდრე ქობალიას განმარტებით, შადრევნის პროექტი თბილისიდანაა გამოგზავნილი და მათ უფლება არ აქვთ, რაიმე ცვლილება შეიტანონ ამ პროექტში, ვერც ვერაფერს დაამატებენ და ვერც მოაკლებენ.

გამგეობამ არა თუ ყურად იღო მოსახლეობის თხოვნა, არამედ წლეულს შადრევნის თავზე ნაძვის ხეც დადგა, რომლის გარშემოც გამოსახული საქრთველოს დროშა და ჯვრები ათასობით ადამიანის მიერ იქნება ფეხით გათელილი.