სამართალი
შსს–ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში საჯარო სკოლები საქართველოს მასშტაბით ჩაერთნენ

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას აგრძელებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კამპანიაში რეგიონების საჯარო სკოლებიც ჩაერთნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ თემაზე დამზადებული საინფორმაციო სტიკერები დაურიგეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება. მათ შორის, სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს უტარებენ.