ბათუმში სამშობიარო სახლის ისტორიული შენობა, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „შერატონის“ გვერდით მდებარეობს, შესაძლოა, გაიყიდოს.
სამშობიაროს თანამშრომლები კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ სამშობიარომ, შესაძლოა, ადგილსამყოფელი შეიცვალოს, მაგრამ მისი დახურვა არ იგეგმება.
შენობის შესაძლო გაყიდვის ფაქტს არ გამორიცხავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძე, რომლის განცხადებითაც 2011 წლიდან ლიცენზირების ახალი წესები შემოდის, რომელსაც დღეს არსებული ვერც ერთი საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს. მინისტრის განცხადებით, სამშობიაროს გაყიდვა დღეს დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ თუ ხვალ ეს აქტუალური გახდება, ლევან ანთაძე ვერც ამაში ხედავს პრობლემას.
უკმაყოფილებას გამოთქვამს ბათუმის მოსახლეობა. მათი მოთხოვნაა, რომ ეს ისტორიული შენობა მთავრობის მიერ გაყიდული ობიექტების დიდ ნუსხას არ შეემატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო გამოსვლებს მოაწყობენ.