საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. “მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურის დროს კენჭისყრა ფარულია, დიდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ, გავასაჯაროოთ ბატონი ლევან მურუსიძის მიმართ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი და ამასთანავე, საზოგადოებას განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების საფუძვლები და მოტივაცია.
ჩვენ, საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, მხარი დავუჭირეთ ბატონი მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას გამოსაცდელი 3-წლიანი ვადით. ეს იყო ძალზე მძიმე და კომპრომისული გადაწყვეტილება, მიღებული დიდი ფიქრის, განსჯისა და ყოყმანის შემდეგ. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ბატონ მურუსიძეს, არასახარბიელო რეპუტაცია გააჩნია საზოგადოებაში და არც იმის განჭვრეტა იყო რთული, რომ მის ხელახალ გამწესებას მოჰყვებოდა მკვეთრად უარყოფითი შეფასებანი ჩვენს საზოგადოებაში. თუ მხოლოდ სასამართლოსადმი ხალხის ნდობის თვალსაზრისით ვიხელმძღვანელებდით, მისი დანიშვნა მართლაც არ იქნებოდა გამართლებული. მაგრამ შექმნილ ვითარებაში, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გაგვეთვალისწინებინა სხვა უამრავი ფაქტორი და გარემოება.
საზოგადოებრივი აზრისაგან განსხვავებით, სასამართლოს შიგნით, მოსამართლეთა შორის, ბატონი ლევან მურუსიძე, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, სარგებლობს გამორჩეული ავტორიტეტით და პატივისცემით, როგორც კოლეგა, და როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მას გააჩნია მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამა წლის 20 დეკემბერს ჩატარებულ მოსამართლეთა კონფერენციაზე. კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებების შედეგად ჩამოგვიყალიბდა რწმენა, რომ ბატონი მურუსიძის დანიშვნაზე უარის თქმა მსუსხავ ეფექტს იქონიებდა მთელ სამოსამართლო კორპუსზე, აღქმული იქნებოდა, როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი, რაც გამოიწვევდა მათ დემორალიზაციას, არასტაბილურობასა და ქაოსს სასამართლო სისტემაში და, იმავდროულად წარმოშობდა საფრთხეს იმისას, რომ დარჩენილი უფლებამოსილების ვადის პერიოდში, მათი მთავარი საზრუნავი გამხდარიყო არა მართლმსაჯულების უწინარესი ინტერესები, არამედ თავიანთი კერძო ინტერესები. ამით ჩვენ, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს შევუწყობდით მათ დემოტივაციას, გაეძლოთ ყოველგვარი ცდუნებისათვის. მივიჩნიეთ, რომ საბჭო ვერ მოახდენდა ვერც მოსამართლეთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციების იგნორირებას და ვერც იმ საფრთხეების არაფრად ჩაგდებას, რაც თვალნათლივ წარმოჩნდა ჩვენს წინაშე. მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ ისიც, რომ საკუთრივ იუსტიციის საბჭოს, რომელიც სასამართლო ხელისუფლების ნაწილი და ხელმძღვანელი ორგანოა, ხიდი არ ჩაეტეხა მოსამართლეთა კორპუსთან, შეენარჩუნებინა მათი ნდობა და მხარდაჭერა, ურომლისოდაც საბჭოს ნებისმიერ წამოწყება უნიადაგო და უშედეგო იქნება. ამგვარად, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ არა პირადად ლევან მურუსიძის, არამედ, უპირატესად, სასამართლო სისტემის სტაბილურობისა და მდგრადობის ინტერესის სასარგებლოდ.
უფრო მეტიც, არსებობდა იმის რეალური საფრთხეც, რომ ბატონი მურუსიძის კანდიდატურის უარყოფას შეიძლებოდა გამოეწვია სხვა, უწინარესად კი იმ კანდიდატებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების წარმოშობა, რომლებსაც არამოსამართლე წევრები ვუჭერდით მხარს. კენჭისყრა შესაძლოა დამთავრებულიყო ნულოვანი შედეგით. ეს კი შეუძლებელს გახდიდა მოსამართლეთა კორპუსის შევსებას ახალი კადრებით, რაც დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევდა მართლმსაჯულების სიტემისათვის საზოგადოდ, სადაც მოქმედ მოსამართლეთა სიმწირე და მათ მიერ ასაწევი სამუშაო ტვირთი, დღეს ისეთი არაპროპორციულია, რომ საბჭოს მორალურ უფლებას უკარგავს, პასუხი მოსთხოვოს მოსამართლეებს საქმეთა გაჭიანურებისა თუ უხარისხო გადაწყვეტილებების გამო. საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია მართლმსაჯულების სისტემის შეუფერხებელ საქმიანობაზე, ამ კონკრეტულ ეტაპზე ვერ დაუშვებდა, რომ სასამართლო ახალი დამატებითი სამუშაო ძალით არ შეევსო, კოლაფსი გამოეწვია და ღვთის ანაბარა მიეტოვებინა ათასობით საქმე და ის ადამიანები, რომლებიც დროულ მართლმსაჯულებას ელიან. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ დღეს 38 მოსამართლე შეემატა სასამართლოს და ეს სწორედ ორმხრივი კომპრომისის დამსახურებაა.
არც ის იქნებოდა სამართლიანი, რომ საბჭომ და საერთოდ საზოგადოებამ, წარსულის, თუნდაც სერიოზული შეცდომების გამო, მთელი პასუხისმგებლობა ინდივიდებს დააკისროს, მაშინ როდესაც მათ მთლიანად არაჯანსაღ ვითარებაში, პროკურატურის სრული დომინაციის, ხელისუფლების ზეწოლისა და ისეთი კანონმდებლობის პირობებში უხდებოდათ საქმიანობა, რომელიც მოსამართლეებს არა მარტო ფაქტობრივად, არამედ სამართლებრივადაც უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებდა, ხოლო ყოველგვარი კრიტიკული აზრის გამოთქმა სამსახურის დატოვებითა და ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმე შედეგებით სრულდებოდა. მისასალმებელია, რომ დღეს მოსამართლეები ღიად საუბრობენ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, თავიანთი უფლებების დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე. იმის მიუხედავად, დავეთანხმებით თუ არა მათ ყველა მოსაზრებასა თუ პოზიციას, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ეს ჯანსაღი ტენდენციაა, სასამართლოს გაძლიერებაზე მიმანიშნებელი, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება და რომ პროგრესის მიღწევა მოსამართლეებისათვის თავსმოხვეული მიდგომებითა თუ ძალდატანებით შეუძლებელია.
ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ ტრაგედიის მსხვერპლის წინაშე, რომელთა აცილებაც ვერ მოხერხდა, მათ შორის იმის გამოც, რომ მართლმსაჯულება ვერ აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე, სადაც მოსამართლეებმა ვერ გამოიჩინეს საკმარისი პრინციპულობა და შეუვალობა და ვერ შესძლეს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება. მაგრამ არც იმისი მომხრენი ვართ, რომ განკითხვის დღე მოვუწყოთ კონკრეტულ მოსამართლეებს და მათ ვაზღვევინოთ სისტემის მთელი უკეთურობის გამოუსწორებელი შედეგები. ბატონი მურუსიძე ახალგაზრდა კაცია; ისევე როგორც ყოველი ჩვენთაგანი, თავისი შეცდომებით, ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. მისდამი მოსამართლეთა კორპუსის სრული მხარდაჭერისა და სხვა ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შესაძლებლად მივიჩნიეთ მისი 3 წლით საგამოცდო ვადით დანიშვნა მოსამართლედ. მისი სამუდამოდ გამწესებას 3 წლის შემდეგ საბჭოში ახალი კენჭისყრა ესაჭიროება. ამ დროისათვის ჩვენ აღარ ვიქნებით იუსტიციის საბჭოს წევრები. საბჭოს ახალ შემადგენლობას შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს მისი უვადოდ გამწესების საკითხზე.
ამჯერად კი, ჩვენთვის ცხადია, რომ ეს იყო მეტად არაპოპულარული, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება”.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები:
ევა გოცირიძე
ვახტანგ თორდია
კახა სოფრომაძე