აქტუალური
„ირაკლიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ თანამებრძოლები საქმის კურსში არ ჩააყენა“ - ზვიად კვაჭანტირაძე

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. მომავალში, ირაკლი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებდა. ირაკლი მაქსიმალურად გულწრფელი იყო. მან, თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თანამებრძოლები საქმის კურსში არ ჩააყენა, რის გამოც, ბოდიში მოუხადა. მისი ჩანაფიქრის შესახებ ბევრმა ჩვენთაგანმა იცოდა. თუმცა, კონკრეტულ მომენტში წასვლას არ ველოდით. სამწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ხელი ჩამომართვა და ჩაილაპარაკა - წასვლის დროა! რამაც, ძალიან შემაშფოთა. ამის შემდეგ საუბრის საშუალება არ მომეცა. ორ დღეში კი, განცხადება გააკეთა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. გული ყველას დაგვწყდა, მაგრამ ის წავიდა, როგორც კოალიციის გამარჯვებული ლიდერი, რაც მორალურად და პოლიტიკურადაც მისთვის და კოალიციისთვის მომგებიანია, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

 ზვიად კვაჭანტირაძე იმედოვნებს, რომ კანდიდატურების შერჩევისას, კვირიკაშვილი მაქსიმალურად ობიექტური და პრაგმატული იქნება: „კანდიდატების წარდგენა, უშუალოდ, მისი პრეროგატივაა, რაშიც არავინ ჩაერევა. სხვანაირად, მხოლოდ პრემიერმინისტრის გადადგომას ყველანაირი აზრი ეკარგება. თუმცა, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, პოლიტსაბჭო ბატონ გიორგის კიდევ შეხვდება. არჩევნებამდე დარჩენილ მცირე პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლება ჰიპერაქტიური უნდა იყოს. იმედი მაქვს, კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი საქართველოს პარლამენტის ნდობას მოიპოვებს და სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულდება”.