აქტუალური
ქართული ჯარი ქართული ხორცით იკვებება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ახალი ქართული ხორცით დამზადებული კერძები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ხიდაშელმა, მისმა პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ ჟურნალისტებთან ერთად დააგემოვნეს. 

ადგილობრივი წარმოების ახალი ხორცის შეტანა ქართულ ჯარში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ქართული საქონლის ხორცის შესყიდვაზე 27 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში შპს ახალმა ხორცმა გაიმარჯვა.   

 „იანვრიდან მთელ საქართველოში ყველა საჯარისო ფორმირება უკვე ქართულ ხორცზე გადავა. იანვარში ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს ქათმის ხორცზე, თანდათანობით ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ბოსტნეულსა და ყველა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაქსიმალურად  შევუწყოთ ხელი როგორც ჯანსაღი პროდუქტით  ჩვენი ჯარის მომარაგებას, ასევე ქართული ბიზნესის განვითარებას. 2016 წელს სხვა მიმართულებითაც ბევრი გეგმა გვაქვს და სასიამოვნო სიახლეებს ვაუწყებთ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა.