საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. კონსტიტუციონალისტები იმ პროცედურებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყანაში პრემიერის გადადგომას მოჰყვება. მათი განმარტებით, საკითხი პარლამენტში გადადის, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები დაიწყება.
კონსტიტუციონალისტები ვარაუდობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან ექნებოდა შეთანხმებული.
"ალბათ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო, ეს გადაწყვეტილება მას შეთანხმებული ექნებოდა ივანიშვილთან, თუ უფრო მეტად ივანიშვილი არ იყო ინიციატორი გადადგომის", - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ პრემიერის ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი სახელდება - კვირიკაშვილი, სერგეენკო, ბახტაძე და ქუმსიშვილი, თუმცა აქედან, წინასწარი ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად მოქმედი ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი განიხილება.