ნოღაიდელის პარტია მედიას ხელისუფლების გეგმებს გააცნობს
დღეს მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში მოძრაობის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა აბულაძე პრესკონფერენციას გამართავს და მედიას “ხელისუფლების მიერ მოძრაობის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური კამპანიის” დეტალებს გააცნობს. როგორც საქინფორმს „სამართლიანი საქართველოდან“ აცნობეს, დღეს ისაუბრებენ მოძრაობის რაიონული ორგანიზაციების ე. წ ხელმძღვანელების შესახებაც, რომლებიც სინამდვილეში ნოღაიდელის პარტიის წევრები არც ყოფილან.
“დეტალურად განვიხილავთ ხელისუფლების ბინძურ კამპანიას, ვისაუბრებთ რაიონული ორგანიზაციების ე.წ ხელმღვანელებისა და ხელისუფლების მიერ ჩვენ წინააღმდეგ დაგეგმილი სხვა აქციების შესახებაც”, - განაცხადა კობა აბულაძემ. დღეისთვის დაგეგმილი პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პარტიის ხელმძღვანელთან დაპირისპირებული, პარტიის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ნატო ხოხიაშვილი. “დაველოდებით აბულაძის პრესკონფერენციას და, თუ ჩვენი მისამართით რაიმე ბრალდებას წამოაყენებს, ან ტყუილს იტყვის, ზეგ აუცილებლად პასუხს გავცემთ”, - განაცხადა ნატო ხოხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელს თავისი პარტიის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი ხელმძღვანელები ღიად უპირისპირდებიან და უახლოეს დღეებში პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებენ, სადაც ზურაბ ნოღაიდელის გარიცხვის საკითხს დასვამენ.