საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ პრემიერის კანდიდატურაზე შესაჯერებლად პარასკევს შეიკრიბებიან. მმართველი გუნდის წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ამაზე ერთიანი პასუხი უმრავლესობაში არ აქვთ.
„ბატონ ირაკლის სავსებით ახალი სისხლი აქვს, არანაკლები სხვაზე“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს ახალი კანდიდატი სწორედ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს. პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაზე აქტიურად საუბრობენ მმართველ გუნდში. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ მთავრობის ახალი გუნდის დაკომპლექტება ახალ წლამდე მოხდება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მოსალოდნელი იყო. ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა უმრავლესობაში განიხილება და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერობის დიდი შანსები აქვს.