უცხოეთი
აბაშიძემ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების დეტალები განმარტა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ხუთშაბათს, 24 დეკემბერს დეტალურად განმარტა თუ რაში მდგომარეობს რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურები.

 ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზების გარეშე ეწვიონ საქართველოს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები ესაჭიროებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი 23 დეკემბრიდან შეამსუბუქებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების მიღების პროცესს.

 „აქამდე რუსეთის ვიზის აღება ძალზე რთული იყო. ვიმეორებ, მოწვევა უახლოეს მეგობარს ან ოფიციალურ ორგანიზაციას უნდა გამოეგზავნა და იქაც მკაცრი სელექცია ხდებოდა. ახლა კი ნებისმიერი – ფიზიკური თუ იურიდიული – პირის მიწვევით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია აიღოს ვიზა და რუსეთში გაემგზავროს. თუ რომელ ვიზას აიღებს – სასწავლო, სამუშაო, საქმიანს თუ კერძოს, მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

 ვიზის აღების მსურველებმა შესაბამისი მოწვევით შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას უნდა მიმართონ. პროცედურების გამარტივების მიზნით, მოწვევის მიღება  ელექტრონული გზითაც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, დოკუმენტების გასაფორმებლად შესაბამისი საფასურის გადახდა არის საჭირო.

 საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.