საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს.
„უკვე 4 თვეა რაც წლიური ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს, 5,0%–ს გასცდა. ეს იმ ფონზე, როდესაც სებ-ი წლის დასაწყისიდან მოყოლებული პერმანენტულად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ამასთან საგულისხმოა, რომ 2015 წლის განმავლობაში რეფინანსირების სესხის განაკვეთი 4%-დან პერიოდულად 8%-მდე გაიზარდა. მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრებისა, ინფლაცია ყოველთვიურად იზრდება. 2015 წელს, რეფინანსირების სესხის შემოღების დღიდან (2008 წელი), პირველად მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 4%-ით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ასეთი სწრაფი ზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებზე“, – განაცხადა ორგანიზაციის ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე.
მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა: „ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება სებ–ის ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ერთადერთი ვალდებულებაა, რომელსაც სამწუხაროდ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა თავი ვერ გაართვა“.
„მინდა ეროვნულ ბანკს მივმართავთო კითხვით, - რატომ არ მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, თუ 1 წლის თავზე კურსის დევალვაციის შედეგად წარმოქმნილ ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად გაზრდა მაინც გახდებოდა საჭირო?“ – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.