პოლიტიკა
საგარეო უწყება მინსკის მოვლენებს ეხმაურება

kalandaბელარუსში განვითარებულ მოვლენებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის - ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ბელარუსში არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებით.

მისი თქმით, ნაადრევია არჩევნების შეფასება, რადგან პროცესი გრძელდება, თუმცა ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს ინტერესშია, რომ ბელარუსში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, როგორიც საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროსთვის იქნება მისაღები.

„ბელარუსის სახელმწიფოსთან, ისევე, როგორც ბელარუს ხალხთან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს და ამ ურთიერთობის გაღრმავება გვსურს. ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს და ამისათვის მნიშვნელოვანია, არჩევნების ისეთი შედეგი მივიღოთ, როგორც საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროსთვის იქნება მისაღები. დაინტერესებულები ვართ, არჩევნებმა წარმატებით ჩაიაროს და ბელარუსმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბერს ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პირველმა პირმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ბელარუსმა სამართალდამცავებმა რამდენიმე აქცია დაარბიეს და პრეზიდენტობის 7 კანდიდატი დააკავეს.