პოლიტიკა
ევროკავშირის თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი შრომის უმაღლესი შეფასებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით ანგარიშზე საუბრით დაიწყო.

 „დღეს ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა - ევროპა ხმამაღლა ცნობს ჩვენს წარმატებებს დაფართოდ გვიხსნის საზღვრებს. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლიდან, საქართველომ აირჩია განვითარების არსებითად ახალი გეზი - თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენება.

„ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.