პოლიტიკა
"რესპუბლიკელებთან" ერთად, ყოფილ და მოქმედ პრემიერ–მინისტრებს დაეკისრებათ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა"! – კირვალიძე

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი: „მსოფლიოში მიმდინარე ცნობილი სამხედრო–პოლიტიკური მოვლენების გამო, საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონტექსტი დღითიდღე იძაბება და მოსალოდნელია, რომ ის ურთულესი პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც წლობით ელოდებოდნენ თავის გადაწყვეტას, სწორედ ასეთ ვითარებაში, როცა ყველა დაძაბულობას განმუხტვა მოჰყვება, შესაძლებელი გახდეს მათი მოგვარება. ამიტომ აუცილებელია, რომ მიზნის მისაღწევად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყოველი გადადგმული ნაბიჯი, დროული და გონიერი იყოს!

 მოგეხსენებათ, რომ საქართველოს უპირველესი პრობლემა ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია და გამთლიანებაა. ამასთან დაკავშირებით, ყოფილი და მოქმედი პრემიერ–მინისტრების, ივანიშვილის და ღარიბაშვილის საყურადღებოდ! სახელმწიფო მინისტრის .ზაქარეიშვილის და მისი პარტიის ("რესპუბლიკელების": უსუფაშვილის, ხიდაშელის, ზურაბიშვილის, ძმები ბერძენიშვილების) "შემუშავებული" სტრატეგია და ტაქტიკა, რომ მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგით, და ამავდროულად, რუსეთის ფაქტორის იგნორირებით აღადგინონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, წინასწარ განწირულია მარცხისათვის, რადგანაც რუსეთი დიდი ხანია ყველაფერს აკონტროლებს ორივე ოკუპირებულ და სეპარატისტულად განწყობილ რეგიონში და მოსკოვის "პოზიტიური ზემოქმედების გარეშე", სოხუმის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები არასდროს მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას განაპირობებს!

აქედან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ამ გეგმით, არათუ ვერ მოხერხდება ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება, არამედ განხორციელდება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ანექსია! ამ შემთხვევაში, საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა "რესპუბლიკელებთან" ერთად, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილ და მოქმედ პრემიერებსაც დაეკისრებათ!“.