აქტუალური
ჟან კლოდ იუნკერი: ,,ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს”

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი.  ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს. როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, ასეთი რეკომენდაციით ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.

 "დღეს დილით ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ", - ასე შეაფასა იუნკერმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროპული კომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება.

ანგარიშის თანახმად, ევროპული კომისია ევროკავშირის საბჭოს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით № 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს.

2001 წლის 15 მარტს მიღებული რეგულაცია № 539/2001 იმ ქვეყნების სიას შეიცავს, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასასვლელად ვიზა ესაჭიროებათ.