აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ კოლეგას შეხვდა

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩიერევიჩი დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოფრინდა. პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დახვდა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ. პოლონური მხრიდან კი შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციული სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მარეკ ტომაზიკი და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი ჯერზი გუტი, ასევე პოლონეთის პარლამენტის წევრი მარეკ ოპიოლა და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრეი ჩეშკოვსკი.

შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა.

საუბრის მთავარი თემა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესი იყო. ანტონი მაჩიერევიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

მხარეები თავდაცვის სფეროში პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს შეეხნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც ანტონი მაჩიერევიჩი საქართველოდან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.