საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გალიფ ოზთურქი “საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ მეორე მსხვილ დონაციას გახორციელებს –აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და “მეტრო ატლას ჯორჯიას” დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე აღინიშნა.
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის.
„ვისაუბრეთ გასულ წელს დაწყებულ პროექტებზე, რომლებიც გრძელდება. ვისაუბრეთ ახალ პროექტზე. ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო საქართველოში, 1200 ნომრიანი სასტუმრო. შევეხეთ სამომავლო გეგმებს, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ თბილისში. შევთანხმდით იმაზე, რომ ბათუმში გავაკეთებთ ტურისტულ კოლეჯს, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას ტურიზმის მიმართულებით. დღეს ჩვენ გადავეცით პრემიერ–მინისტრს სიმბოლური ჩეკი. ჩვენი მეორე დონაცია ითვალისწინებს 500 000 ლარის გადარიცხვას „სოლიდარობის ფონდში“. ვულოცავთ საქართველოს, რომ ჰყავს ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული, პოზიტიული პრემიერი“, – განაცხადა ბიზნესმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანი.