სამართალი
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საინფორმაციო კვირეულს აგრძელებს - მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ გულისხმობს ქვეყანაში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ან საჭეგადატანილი ავტომანქანების აკრძალვას, არც მათ შეძენას და შემდგომში გაყიდვა/გასხვისებას.

კანონპროექტი შეეხება მხოლოდ იმ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, რომლებიც პარლამენტის მიერ დადგენილი თარიღის შემდეგ შემოვლენ ქვეყანაში.

კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში არ იკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი რე-ექსპორტის მიზნით და ტრანზიტი.

კვლევებით დადასტურებულია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობა საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მარცხენასაჭიან ავტომანქანებზეა დაგეგმილი, შეიცავს ავტოსაგზაო შემთხვევების მომეტებულ რისკს.

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობა მკვეთრად მზარდია და უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს: უახლოეს 5-7 წელიწადში მოსალოდნელია მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობის გათანაბრება, რაც ქვეყანაში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და საგზაო უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

1949 წლის 19 სექტემბრის ჟენევის კონვენცია, რომლის წევრიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის, სახელმწიფოებს საგზაო მოძრაობის უნიფიცირებას ავალდებულებს.