საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, კორუფციაში ბრალდებისთვის, სასამართლოში უჩივლა.
„ბატონ სააკაშვილს სასამართლოში ვუჩივლე“, – განაცხადა ავაკოვმა ტელეარხ „1+1“–ის ეთერში და დააზუსტა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, უკრაინის პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკიც აპირებს ოდესის გუბერნატორს სასამართლოში უჩივლოს.
ორშაბათს რეფორმების ნაციონალური საბჭოს სხდომაზე ორ პოლიტიკოსს შორის ინციდენტი მოხდა. ავაკოვმა მისი მისამართით პირდაპირი შეურაცხყოფის პასუხად სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.
შს მინისტრის ვერსიით, სააკაშვილმა ხმას აუწია და შეურაცხყოფა მიაყენა კითხვის პასუხად, თუ რატომ განიხილავდა იგი ოდესის საპორტო ქარხნის პრივატიზაციას რუს ოლიგარქთან „ურალხიმ“–იდან. სააკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინაში სახელმწიფო დაწესებულებებს ძარცვავენ და ავაკოვი უკრაინაში შეიარაღებული ფორმირებების გაუმჭვირვალე დაფინანსებასა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. სააკაშვილის თქმით, ავაკოვმა და პრემიერმა არსენი იაცენიუკმა მოითხოვეს, რომ მას ქვეყანა დაეტოვებინა.