პოლიტიკა
,,ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა - ევროპული გზა! რუსეთი - ოკუპანტია!" - პაატა ბურჭულაძე

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ევროპა, ამას ხაზგასმით აღვნიშნავ! - პაატა ბურჭულაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. "რუსეთის აგრესიას გამართლება არ აქვს, ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა არის ევროპული გზა. რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

მან მომავალში საქართველოს განვითარების ფონდის პარტიად გადაქცევას არ გამორიცხავს თუმცა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ის მხოლოდ ფონდია. "ჩვენი ფონდი ყველასთვის ღია იქნება, ვთხოვთ მობრძანდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რაც არის საქართველოში. რადგან ეს არის ფონდი, ჩვენ არ გვინდა არც კონტაქტი და არც კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან. ვინც მობრძანდება, ჩვენი ფონდის კარი ყველასთვის ღიაა. მე არ შემიძლია გითხრათ ისეთი რამ, რაც არ არის", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფონდთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძეს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. "მე არ მითქვამს, რომ კონსულტაცია მქონდა ივანიშვილთან, მასთან მე კონტაქტი მქონდა", - აღნიშნა ბურჭულაძემ.