საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ხმაურიანი ბრალდებები ალეკო ელისაშვილის მხრიდან და მის წინააღმდეგ. რას აპირებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და რა დამატებითი მტკიცებულებები აქვს უკანონო პოლიტიკური გავლენების დასადასტურებლად. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება „591“ ინდექსზე არსებული ნომრიდან შევიდა. ამის შესახებ ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას ისაუბრა (ვიდეოს უყურეთ აქ).
მან დოკუმენტიც წარმოადგინა, რომელიც, მისივე თქმით, მობილური ოპერატორისგან მიღებულ ამონაწერს წარმოადგენს. ელისაშვილის თქმით, 4 მოკლე ტექსტური შეტყობინება მის ტელეფონზე 2014 წლის 30 აპრილს შევიდა და აღნიშნული გზავნილები პრეზიდენტს და ადმინისტრაციის უფროსსაც აჩვენა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტს პროკურატურაშიც წარადგენს.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი, შეწყალების პროცესში მაღალი თანამდებობის პირების საეჭვო აქტიურობის შესახებ საუბარობს და პრეზიდეტის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდს იხსენებს. მაჭავარიანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი საკითხზე ინფორმირებული იყო და გამოთქვამდა ეჭვს იმ პირების მაღალი ჩართულობის გამო, ვინც დღეს მისივე თქმით თავს იმართლებს. „პრეზიდენტთან მუშაობის დროს მე მსმენია იმ გადაჭარბებული, ზედმეტი აქტიურობისა იმ პიროვნებებისგან, რომელიც დღეს თავის მართლების რეჟიმში იმყოფება, როგორც პრეზიდენტისაგან, ისევე ადმინსტრაციის უფროსისგან, ვფიქრობ, ეს იყო საკმაოდ შემაწუხებელი. ელისაშვილი რასაც საუბრობს, ამას რეალური საფუძველი აქვს“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.