ასოციაცია CENN -მა ბეწვეულით ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) თბილისში ბეწვეულის მაღაზიის გახსნის თაობაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. ასოციაციის განცხადებით, ბეწვეულით ვაჭრობა XXI საუკუნის მსოფლიოში მიუღებელ ბარბაროსულ საქმიანობად ითვლება და აღარ გამოიყენება მოდის ინდუსტრიის ლიდერების მიერ თანამედროვე მოდის ბიზნესში.
„შეშფოთებულები ვართ თბილისში ახლახან გახსნილი ბეწვეულის მაღაზიის გამო. წარმოუდგენლად მიგვაჩნია ჩვენს ქალაქში, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს ევროპული, ბეწვეულის მაღაზიის გახსნა და მისი ისეთი რეკლამირება, რომელიც მომხმარებელს ავიწყებს (ისიც არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ არ იცოდეს), რომ ცხოველებს, რომლებსაც ბეწვის მოპოვების გამო იჭერენ, ელექტროდენით, მომწამლავი აირით, ციანიდის ინიექციით, დეკომპრესიით ან კისრის გადატეხვით ხოცავენ. ხანდახან კი, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მცდელობები მიზანს ვერ აღწევს, ცხოველს ცოცხლად ატყავებენ. ეს უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ბეწვის ქურქში გამოეწყობიან. მით უმეტეს, როცა მაღაზიის ადგილმდებარეობა თბილისის პოპულარულ სავაჭრო უბანში არასწორ ორიენტირს აძლევს მათ იმის თაობაზე, რომ ბეწვეულით ვაჭრობა, ბეწვეულის შეძენა არც მისაღებია, არც ჰუმანური და არც ლამაზი, რადგან არ არსებობს სილამაზე და მშვენიერება ჰუმანური საწყისის გარეშე.
მსგავსი მაღაზიის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც 30-ზე მეტი საფრთხის ქვეშ მყოფი ძუძუმწოვრის სახეობა ბინადრობს, გამაოგნებელ გულგრილობაზე მიუთითებს.
ნუ გახდებით ბეწვეულის პროდუქციის რეალიზაციის გამო ცხოველთა ტანჯვისა და მკვლელობის თანამონაწილე. გთხოვთ, ერთხელ კიდევ დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა ასეთი სასტიკი და არაეთიკური ბიზნესის მხარდამჭერი იყოთ.
ჩვენ უარს ვამბობთ თქვენს მაღაზიაში ამ ნაწარმის შესყიდვაზე. აგრეთვე, ვაცხადებთ, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ბეწვეულის ვაჭრობის წინააღმდეგ უწყვეტი ბოიკოტის მხარდასაჭერად", - ნათქვამია ასოციაცია CENN -ის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ახლახან სავაჭრო ქსელ „ქარვასლაში“ ბეწვეულის მაღაზია „მორო ქეი" გაიხსნა, რომლის თანამფლობელი ლალი მოროშკინაა.