აქტუალური
ბარაკ ობამამ ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში მიიწვია

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს, რომელიც ვაშინგტონში 2016 წლის 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაიმართება.

 აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფარგლებში უმასპინძლებს თავისუფალ და ღია დიალოგს იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღება შესაძლებელია გლობალური ბირთვული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

 „საქართველომ ცხადყო გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტისა და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებასა და ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის წევრობაში. სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ სამიტზე, ასახულია კონკრეტული ზომები, რომლებსაც ჩვენ, როგორც შესაბამისი ინსტიტუტებისა და ინიციატივების წევრები, მივიღებთ, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურა. მივესალმები თქვენ მოსაზრებებს იმ გზების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება 2016 წელსა და მის შემდგომ სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაში. ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლა დღესაც მნიშვნელოვანი საკითხია ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში. გამოვთქვამ იმედს, საქართველო მომავალშიც განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა წინ აღუდგეს მარეგულირებელი კონტროლის მიღმა ბირთვული და რადიოლოგიური მასალების არსებობას და პარტნიორ ქვეყნებს გაუზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას ამ სფეროში. ისევე, როგორც მისი წინამორბედები, 2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ტერორიზმისგან თავდაცვის განმტკიცების მხრივ. იმედის თვალით შევყურებ თქვენს ვიზიტს ვაშინგტონში მომავალი წლის გაზაფხულზე, რათა ერთად აღვნიშნოთ მიღწეული პროგრესი და დავსახოთ უსაფრთხო და მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის გზები“, – ნათქვამია, კერძოდ, ბარაკ ობამას მიწვევის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.