საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნას ესწრება, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩვენთვის არაოფიციალური კომუნიკაციით ასეა ცნობილი, რომ ეს მიზეზი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული. ეს არის ტექნიკური გადავადება ალბათ, რამდენიმე დღით და ეს მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა არის დადებითი და დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც იქნა გაცხადებული ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის მიერ, წლის ბოლომდე დასკვნა გამოქვეყნდება, შეიძლება უფრო ადრეც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. დასკვნის გადავადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა მხარეებთან გრძელდება და რომ დასკვნა ვიზების გაუქმების საკითხში მიღწეული პროგრესის თაობაზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.