სამართალი
სროლა საბურთალოს სასაფლაოზე - დაჭრილია 2 ადამიანი

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 15 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს.

შემთხვევის ადგილზე 8 ვაზნაა ნაპოვნი, არსებული ინფორმაციით თავდამსხმელებმა ცეცხლი მაყუჩიანი იარაღიდნ გახსნეს. საბურთალოს სასაფლაოსთან სავარაუდოდ 13-ჯერ გაისროლეს. ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცი აცხადებს, რომ 9-ჯერ ესროლეს.

"ვიდექით და გვესროლეს 9-ჯერ, სახელები არ ვიცი მაგრამ სახეზე ვიცნობ, მე ვაზისუბნელი ვარ", - აცხადებს დაშავებული მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ექიმები აცხადებენ, დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი სროლის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო მოხმარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.