საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან შეხვედრას მოითხოვს.
14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმე, რომელის კანონიერი ინტერესების დამცველს არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს, გასაჩივრების შემდგომ, განსახილველად იმავე მოსამართლეს გადაეცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცნობილი საქმე განიხილება. მოსამართლემ 2015 წლის 26 ნოემბერს მიიღო განჩინება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს სამართლიანი სასამართლოს უფლება აეკრძალა. არჩილ კაიკაციშვილმა, 2015 წლის 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 26 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჩივრით უკვე მიმართა. მოქალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ფაქტზე, წერილობითი ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მიმართ.
არჩილ კაიკაციშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიმართ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, 9 დეკემბერს, სასამართლოს ეთხოვა, რეზონანსული საქმე განსახილველად არ გადასცემოდა წინა გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეს. არჩილ კაიკაციშვილი, მართლმსაჯულებისა და მოქალაქის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოერთვა, მოითხოვს სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას.