საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საჯარო სექტორის თანამშრომლების დაახლოებით 20 პროცენტი, 55 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 23 კერძო კომპანია "საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა დაახალგაზრდების დასახმარებლად გააერთიანა- ფონდის საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე შეაჯამა.
პრემიერის ინფორმაციით, დაფუძნებიდან დღემდე, ფონდმა 4 მილიონ 700 ათასი ლარის მობილიზება მოახდინა და უკვე 182 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება შეძლო. 182 ბავშვიდან 94-ს დაუფინანსდა ძვირად ღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სამი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 800 000 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი სამინისტროს ბიუჯეტი 3,1 მილიარდი ლარი იქნება. მანვე ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე.
"ეს პროგრამა უნიკალურია მსოფლიოში, ვინაიდან არც ერთი სხვა ქვეყანა არ ზრუნავს ისე, როგორც ჩვენ საქართველოში ვზრუნავთ. ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური, ვინაიდან ჩვენ გვაქვს აღნიშნული პროგრამა და რაც მთავარია, ეს არის აბსოლუტურად უფასო. თითოეული პაციენტის მკურნალობის ხარჯი დაახლოებით 85 000 დოლარს შეადგენს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუმკურნალოთ უფასოდ და ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა აშშ-სა და კომპანია "გილეადს" გადაუხადა.