პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოდან რუსეთის წასვლა ნიშნავს თურქეთის მოსვლას!

  “თუკი მართლა ასე მოხდა, რუსეთის გარდა, ჩვენი დამცველი სხვა არავინ იქნება!”

ამ ოციოდე წლის წინათასავალ-დასავალშიგამოქვეყნდა ცნობილი პოლიტოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭაჭიას, ვრცელი წერილი სათაურით “На холмы Грузии легла от фески тень”.

ჩვენს წიგნიერ და გემოვნებიან მკითხველს, ალბათ, კარგად მოეხსენება, რომ ფესი ფუნჯიანი, წაკვეთილი კონუსის ფორმის თურქული ქუდია და მისი სახელი დასაბამს მაროკოში მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქიდან - ფესიდან იღებს...

ისიც ნათელია, თუ რას უნდა ნიშნავდეს “საქართველოს ბორცვებზე ფესის ჩრდილის ჩამოწოლა” და ამ მხატვრული ხერხის მიღმა რა იგულისხმა ავტორმა.

ალექსანდრე ჭაჭია ქართველ მკითხველს სწორედ ოცი წლის წინათ, ჯერ კიდევ შევარდნაძის გაგანია “მოქკავშირულ” ხანაში აფრთხილებდა იმ განსაცდელისა და საფრთხის შესახებ, რომელიც დღევანდელ საქართველოს უკვე წალეკვით ემუქრება! იშვიათი ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი პოლიტოლოგი ცოდვიანი და სისხლიანი ქართული პოლიტიკის ჯანღს არც ახლა ეპუება, ოცი წლის შემდეგაც არ ცხრება და ერსა და ბერს კვლავაც ძველებური შემართებით უკიჟინებს, რომ საქართველოს გამრუდებულ-გაუკუღმართებული საგარეო-პოლიტიკური კურსის ვექტორი გასასწორებელია.

- ბატონო ალექსანდრე, ოციოდე წლის წინათ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა თქვენი ვრცელი წერილი “საქართველოს ბორცვებზე ფესის ჩრდილი ჩამოწვა”, რომელიც საქართველოში შექმნილ მდგომარეობასა და პერსპექტივებს ეხებოდა. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

- დიახ, 20 წელი გავიდა იმ სტატიის გამოქვეყნებიდან... ვწერდი, რომ შევარდნაძის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსით სვლა მიგვიყვანდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო დაკარგვამდე, მასობრივ ემიგრაციამდე, ქართველი ერის რაოდენობის შემცირებამდე, ქართველი საზოგადოების ზნეობრივ დეგრადაციამდე, ტრადიციულ სულიერ ფასეულობათა უარყოფამდე და თურქეთის მხრიდან მძლავრ ფინანსურ-ეკონომიკურ ექსპანსიამდე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა სხვა ქართული რეგიონების ბედს. ახლა უკვე თავად განსაჯეთ, რამდენად გამართლდა ეს სამწუხარო პროგნოზი.

- თქვენ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგაც კი ოპტიმიზმით უყურებდით საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას. ეს პოზიცია შეიცვალა?

- ვითარების შეცვლის ბოლო შანსი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მან ამისთვის არაფერი გააკეთა. ხომ ხედავთ, ვის მიანდო აფხაზეთის პრობლემის მოგვარება... ვინმეს სჯერა, რომ ამ ადამიანების საქმიანობა რამე შედეგს გამოიღებს? აფხაზეთის პრობლემამ, დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლებისთვის აქტუალურობა დაკარგა და საზოგადოების თვალშიც უკანა პლანზე გადაიწია. როდესაც ადამიანების წინაშე ფიზიკური გადარჩენის ამოცანა დგას, მათთან მაღალ ეროვნულ იდეალებზე საუბარი ძნელია; მითუმეტეს, რომ ახლო მომავალში მთელი სიმძაფრით დაგვიდგება აჭარისა და სამხრეთ საქართველოს პრობლემა. არ უნდა გამოვრიცხოთ ისლამური ტერორიზმის საფრთხეც, რომელსაც ძალიან მალე დასჭირდება საქართველოს ტერიტორია. წერილში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ვწერდი, რომ საქართველოდან რუსეთის წასვლა ნიშნავს თურქეთის მოსვლას. ამაზე, სხვათა შორის, დაუფარავად ლაპარაკობენ და წერენ თურქი პოლიტიკოსები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დღემდე განაგრძობს ბოდვას ნატო-სა და ევროკავშირში შესვლაზე. ქემალიზმის ეპოქა, როდესაც თურქეთში თურქული ნაცია ყალიბდებოდა და საერო ნაციონალური სახელმწიფო შენდებოდა, დასრულდა. დღეს პანთურქიზმის იდეებით შეიარაღებულმა მმართველმა თურქულმა ელიტამ მიზნად დაისახა ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში დიადი თურანის აღდგენა.

- ამ საფრთხეს ივანიშვილი ვერ ხედავს? რატომ არ ცვლის პოლიტიკას?

- ბიძინა ივანიშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ, როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, მას სამი დიდი ნაკლი აქვს: პირველ რიგში, ივანიშვილი ცუდად ერკვევა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში; მეორე - ცუდად ერკვევა კადრებში, ვერ არჩევს ფართო თვალსაწიერის მქონე, იდეურ და არა - ფულის ერთგულ პროფესიონალებს; მესამე - ბიძინა ივანიშვილი, ფლობს რა დიდძალ პირად კაპიტალს, სრულად არის დამოკიდებული ამერიკელების ნებაზე, რომლებიც ისევე აკონტროლებენ მის ქონებას, როგორც ყველა სხვა მსხვილ კაპიტალს მსოფლიოში. სწორედ ამიტომ შეარჩიეს იგი ამერიკელებმა სააკაშვილის შემცვლელად, ვინაიდან სააკაშვილის დატოვება საქართველოში უკვე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ ნაბიჯებს, განსაკუთრებით - საგარეო პოლიტიკაში, ივანიშვილისგან არ უნდა ველოდოთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა ის სფეროებია, რომლებშიც ქართველების აზრი, დიდი ხანია, არავის აინტერესებს და არც არავინ კითხულობს - ეს ამერიკელების პრეროგატივაა!

- ბიძინა ივანიშვილი თავის ყველაზე დიდ ღირსებად სწორედ კადრების შერჩევისა და ანალიზის უნარს მიიჩნევს და თქვენ რას ამბობთ?! მეტიც, მან თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მიზნად დაასახელა ქართველი ხალხის გაწვრთნა-გაცნობიერება მოვლენათა ანალიზში...

- ქართველ ხალხს თავიდანვე კარგად ესმოდა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი სრულიად ფუყე ადამიანია - ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი, მაგრამ ივანიშვილმა მას “იდეალური პრეზიდენტი” უწოდა და ეს აზრი თავს მოახვია ქვეყანას. ქართველ ხალხს კარგად ესმოდა, თუ რა “ხილი” იყო ალასანია და მისი გუნდი, საზოგადოებას სამარცხვინოდ მიაჩნდა ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრობა, მაგრამ ივანიშვილი მათ “საუკეთესო მინისტრებად” თვლიდა. ქართველმა ხალხმა ჩინებულად იცის, თუ რას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია და სწორედ ამიტომ ამ პარტიის რეიტინგი არასოდეს აღემატებოდა 3 პროცენტს, მაგრამ ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ისინი “საინტერესო ადამიანები” არიან და გადასცა კიდეც მათ, პრაქტიკულად, მთელი ძალაუფლება ქვეყანაში. დიდი ხანია, ქართველი ხალხი მიხვდა, რომ ამერიკისადმი ვასალურ დამოკიდებულებას ერი დეგრადაციისკენ მიჰყავს, ხოლო ივანიშვილი დღემდე აღფრთოვანებულია ამერიკელებთან “მოკავშირეობით”. ასე რომ, ივანიშვილმა ვითარების ანალიზი და კადრების შეფასება თვითონ უნდა ისწავლოს ქართველი ერისგან და არა - პირიქით.

- ცხადზე ცხადია, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარე კატაკლიზმები - ომი ახლო აღმოსავლეთში: ერაყში, ლიბიაში, სირიაში, იემენში, ფერადი რევოლუციები ეგვიპტეში, ტუნისსა და სხვაგან - ამერიკის პოლიტიკის შედეგია. ამერიკელები ამბობენ, რომ ანადგურებენ დიქტატორულ რეჟიმებს და მიილტვიან ამ ქვეყნების დემოკრატიზაციისკენ... მაგრამ სახელმწიფოები ინგრევა, იღუპება მილიონობით ადამიანი, ტერორიზმი მსოფლიო პრობლემად იქცა. ვის სჭირდება დემოკრატია ამ ფასად?

- ნუ წარმოვიდგენთ ამერიკელებს იდიოტებად, რომლებსაც მოსწონთ და სიამოვნებთ ერთსა და იმავე ორმოში ჩავარდნა. მათ მშვენივრად ესმით, რომ შეუძლებელია, ამ სახელმწიფოებში დამყარდეს დემოკრატია დასავლური გაგებით... საქმე ის არის, რომ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში არის სულ ორი ძალა - ნაციონალისტები და ისლამისტები, არანაირი დემოკრატიული ძალები და იდეები იქ არ არსებობს. ნაციონალისტები ცდილობენ, ააშენონ სუვერენული, ეროვნული სახელმწიფოები, შექმნან ერთიანი ერი, განვითარებისთვის სუვერენულად გამოიყენონ საკუთარი რესურსები; ამასთანავე, მათთვის დასაშვებია “რბილი ისლამი”, რომელიც ხელს არ უშლის ქვეყნის პროგრესს. ასეთი განვითარებადი ქვეყნები იყვნენ ერაყი, ლიბია, სირია, ეგვიპტე, იემენი და სხვ., მაგრამ ასეთი სახელმწიფოების არსებობა კატეგორიულად მიუღებელია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ამ ქვეყნების სწრაფი განვითარება გულისხმობს თავიანთი რესურსების საკუთარი ხალხის სასარგებლოდ გამოყენებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამერიკის შეერთებული შტატების ძლევამოსილება კი სწორედ სხვა ქვეყნების რესურსების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაზე დგას.

ალბათ, იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე საშუალოდ ათჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე პლანეტის საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ევროპის ჩათვლით. პლანეტის რესურსები კი შეზღუდულია და კარგი ცხოვრებისთვის ყველას არ ეყოფა. თუ ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები განვითარდებიან, ანუ თავიანთ რესურსებს საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის გამოიყენებენ, დასავლეთი იძულებული შეიქნება, შეამციროს მოხმარება. სწორედ ამიტომ ამერიკა დაინტერესებულია, შეაფერხოს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარება, თუნდაც ამისთვის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა და ამ ქვეყნების, ხალხების უმოწყალოდ დაბომბვა გახდეს საჭირო. დღეს ამ შავბნელ საქმეში ამერიკელების მთავარი მოკავშირეები რადიკალი ისლამისტები არიან - ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს არც ერებს, არც საზღვრებს, არც სუვერენიტეტსა და არც განვითარების აუცილებლობას. ამერიკელებისა და ამ ისლამისტების ერთობლივი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ თვალწინ დაინგრა და შუა საუკუნეებში იქნა მოსროლილი აყვავების გზაზე შემდგარი ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ ერაყი, ლიბია, სირია, იემენი. მიზანი მიღწეულია - ვეებერთელა ტერიტორიები ქაოსში, ანარქიასა და სისხლისღვრაში ჩაიძირა და უახლოესი ასი წლის განმავლობაში იქ განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. პარალელურად მიღწეულია შეერთებული შტატების კიდევ ერთი მიზანი - ევროპის დასუსტება, რომელიც იძულებულია, მილიონობით დევნილის უმწვავესი პრობლემა მოაგვაროს.

- დავიჯეროთ, ევროპელ ლიდერებს არ ესმით, რა საფრთხის მომტანია ამერიკის ასეთი პოლიტიკა ევროპისთვის? ხომ ცხადია, რომ ამ ყველაფრის შედეგად ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება?

- ევროპული ლიდერების დიდი უმრავლესობა მარიონეტია, რომლებიც ამერიკელებზე უამრავი ვალდებულებით არიან დამოკიდებულნი და მათთან ისეთივე ურთიერთობა აქვთ, როგორიც ყურმოჭრილ მონას - ბატონთან. ევროპაში არც ერთი სუვერენული სახელმწიფო არ არსებობს. მნიშვნელოვან ევროპულ ქვეყნებში განთავსებულია ათეულობით ამერიკული სამხედრო ბაზა და ეს ქვეყნები, პრაქტიკულად, ოკუპირებული ქვეყნებია. უფრო მეტიც, ყველა ძირითადი ევროპული მედიასაშუალება ადამიანების ერთი ჯგუფის ხელშია, რომლებიც ევროპას კარნახობენ ამერიკის საინფორმაციო პოლიტიკას. ევროპაში, პრაქტიკულად, არ არსებობს თავისუფალი პრესა. სხვათა შორის, საქართველოში, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. თუმცა, იმით, რომ ამერიკელებმა მოახერხეს ევროპაში დევნილთა კოლოსალური ნაკადის შედინების პროვოცირება და ითხოვენ მათი უფლებებისა და თავისუფლების განუხრელ დაცვას, ამერიკას, ჩემი აზრით, მეტისმეტი მოუვიდა.

- რას გულისხმობთ?

- აქამდე ევროპის ხალხები წინააღმდეგობის გარეშე ასრულებდნენ ამერიკელთა მოთხოვნებს ეროვნული საზღვრების, ეროვნული ეკონომიკის, ეროვნული ვალუტის, ქრისტიანული ფასეულობების პრიორიტეტის გაუქმებისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონების თაობაზე, მაგრამ ეროვნულ იდენტობაზე სრულად უარის სათქმელად ისინი მზად არ არიან. ამიტომაც ბოლო ხანს ევროპაში შეინიშნება ნაციონალისტური განწყობების, ანტიამერიკანიზმის, ევროკავშირისადმი სკეპტიციზმის მკვეთრი მატება. ვფიქრობ, ევროპელი პოლიტიკოსების მომდევნო თაობა ამომრჩევლის სიმპათიის მოსაპოვებლად იძულებული იქნება, მკვეთრი ანტიამერიკული ლოზუნგებითა და საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სრულფასოვანი სუვერენიტეტის აღდგენის მოწოდებით გამოვიდეს. ევროკავშირი, როგორც ზესახელმწიფოებრივი გაერთიანება, უბრალოდ, მოკვდება. ამასთანავე, არსებობს საფრთხე, რომ ევროპელები არ დასჯერდებიან მარტოოდენ “რბილ ნაციონალიზმს” და ევროპაში რაღაც ახალი ფორმით აღორძინდება ფაშიზმი.

- ბატონო ალექსანდრე, ბოლო წლებში რუსეთი უფრო და უფრო აქტიურობს საერთაშორისო არენაზე. როგორია მისი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში?

- რუსეთი მთლიანად გათავისუფლდა ამერიკული დიქტატისგან და სუვერენულ სახელმწიფოდ იქცა. დღეს მსოფლიოში არის სულ ოთხი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ამასთანავე, რუსეთმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მას მსოფლიოს განვითარების ალტერნატიული მოდელის მქონე ზესახელმწიფოდ აქცევს. ამ ნაბიჯებს უნდა მივაკუთვნოთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა, მართლმადიდებელი ეკლესიის, მართლმადიდებლური სულიერი ღირებულებების განუხრელი მხარდაჭერა და აგრესიული ისლამისტებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. სირიის, როგორც ეროვნული სახელმწიფოს, დაცვა ასევე მკაფიო სიგნალია სხვა, მათ შორის, მუსლიმანური სახელმწიფოებისთვის, რომ რუსეთისთვის მიუღებელია გარე ძალების ზემოქმედების შედეგად მათი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. ყველა ეს ნაბიჯი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამერიკის პოლიტიკას მსოფლიოში და გლობალიზაციის ამერიკულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ერებისა და კულტურების უნიფიცირებას, ტრადიციული, ეროვნული და რელიგიური ფასეულობების უარყოფას, ხალხების უეროვნო, უსქესო, უზნეო ბიოლოგიურ მასად გადაქცევას. თუ რუსეთის პოლიტიკაში ეს ალტერნატიული ტენდენცია განვითარდება და გაფორმდება, როგორც ახალი მსოფლიო პროექტი, მაშინ რუსეთი მოიპოვებს ლიდერობას იმ მსოფლიო ძალებში, რომლებიც განუხრელად იცავენ სხვა ერების სუვერენულ არსებობასა და განვითარებას!!!

- თქვენ ერთადერთი ქართველი ხართ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ორი უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. ამ იდეების გამო ხომ არა?

- შესაძლოა... თუმცა ბრძანებულებებში წერია, რომ ორდენები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მომცეს. სამწუხაროდ, არანაირი მნიშვნელოვანი წვლილი ამ ურთიერთობაში არ შემიტანია, რადგან საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ეს არ სჭირდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ სჭირდებოდათ ამერიკელებსა და თურქებს.

- ბატონო ალექსანდრე, თუკი რუსეთთან კონფლიქტის ფონზე თურქეთი გაააქტიურებს თავის ექსპანსიას კავკასიის მიმართულებით, საქართველო კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ, ფაქტობრივად, ისედაც ვართ მუსლიმანურ ალყაში... რუსები ბომბავენ ისლამისტებს სირიაში, რის გამოც ისლამისტები იძულებულნი იქნებიან, გაიქცნენ და ახალი პლაცდარმი ეძებონ. საქართველო კი ახლოსაა - აქვე, გვერდით და თინა ხიდაშელის ჯარი მათ ვერ შეაჩერებს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში შეიძლება თუ არა, რუსეთის დახმარების იმედი გვქონდეს?

- რთული შეკითხვაა... ასეთი ვითარებისთვის წინასწარ მომზადებაა საჭირო - კონტაქტების დამყარება, ვარიანტების გათვლა. ვინ შეიძლება  ეს გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებაში? ჩვენი უბედურება ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის და ყველაფერში აგვიანებდა - გამოდიოდა “ინიციატივებითა” და “წინადადებებით” მაშინ, როდესაც ეს უკვე აღარავის სჭირდებოდა. ასე იყო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის მიმართ, ასე მოხდა ეკონომიკაშიც და ანალოგიური რამ გრძელდება დღესაც.

ხელისუფლებაში არ იყვნენ და არც არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ორი-სამი სვლა წინასწარ გათვალონ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, იმედი ვიქონიოთ, რომ ვითარება ასეთი კატასტროფული სცენარით არ განვითარდება, მაგრამ, თუკი მართლა ასე მოხდა (არადა, ეს რეალური სცენარია!), რუსეთის გარდა ჩვენი დამცველი სხვა არავინ იქნება! ასეთია ისტორიული, გეოპოლიტიკური რეალობა და საღად მოაზროვნე ადამიანებს ეს მშვენივრად ესმით.

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი” №50 (1102), 2015 წლის 14-20 დეკემბერი