აქტუალური
ვოლსკის წინადადებით, მთავარმა პროკურატურამ გუშ საღამოს მანანა კობახიძე და ეკა ბესელია დაკითხა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურატურამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაკითხოს.

 "ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი, აუცილებლად უნდა დაიკითხოს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და რაც შეიძლება სწრაფად. წამების ბრალდებით, ასზე მეტი ადამიანია გასამართლებული. ვფიქრობ, ამას კიდევ კონკრეტული საქმეები დაემატება, რომელმაც შეიძლება გამოძიების აუცილებლობა დააყენოს და შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს და პირებს მიადგეს ეს თემა. ეს არის განხორციელებული კონტრშეტევა. საიდან მოდის ეს კონტრშეტევა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ დეპუტატს, მათ შორის, მეც, მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიას, ყველას, 150-ვე დეპუტატს, არათუ უფლება გვაქვს, ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში, თუკი საკითხი ეხება საჩივარს უსამართლობის შესახებ, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უსაფუძვლო იყოს, შესაბამის ორგანოს ამ საკითხის დეტალური შესწავლის მოთხოვნით მივმართოთ. მათ შორის, მივმართოთ შეწყალების სახელმწიფო კომისიასაც", - განაცხადა გია ვოლსკიმ.