საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილის მიმართ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი ეხმაურება.
"ქურდს კუდი ეწვისო. სახელი და გვარი დასახელებული არ იყო, ბესელია კომენტარებს აკეთებს "Facebook"-იდან დაწყებული, ტელევიზიებით დამთავრებული, ყველგან და ემუქრება ალეკო ელისაშვილს, რომ მას დააკავებენ. მე ეს არ გამიკვირდება, იმიტომ, რომ ბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი",- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
"თუ ჩაფარცხვისკენ წავიდნენ მედიის საშუალებით გავხსნი ამ საქმეებს",- თავის მხრივ პასუხობს საკრებულოს დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლების ბრალდებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ელისაშვილი ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან საუბრისას საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მას გააჩნია კონკრეტული საქმეები, აქვს სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ მაშინ, როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო. ელისაშვილი მიმართავს მთავარ პროკურორსაც და მოუწოდებს სრულყოფილად და დროულად გამოიძიოს დაწყებული საქმეები.
"შოთაძეს ოდნავ მაინც თუ ჭკუა აქვს, ეს მისი გამოწვევაა. ახლა თუ ჩაფლავდა, წარმოიდგინეთ, ისედაც ხომ სამარცხვინო დუქანია ეს პროკურატურა და კიდევ უფრო სამარცხვინო გახდება. თუ დავრწმუნები, რომ ჩაფარცხვისკენ წავიდნენ მედიის საშუალებით, ხელის გულზე მიდევს, ეს საქმეები გაიხსნება",- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.